English / ქართული / русский /
რომან ყურაშვილი
აზარტული თამაშების როლი ეკონომიკაში და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის ქცევის მოტივაცია

ანოტაცია. აზარტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ასპექტში. აზარტული თამაშები იქცა გართობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, რომელსაც თავისი წვლილი ეკონომიკის ფორმირებასა და განვითარებაშიც შეაქვს. სათამაშო ბინზესი საქართველოში განვითარების პიკზეა და დღითიდღე ვითარდება. ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი და მომგებიანი სფერო, რომელიც ასევე ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ქვეყნისთვის დამატებითი ფუნქციები მოაქვს.

მოცემული ნაშრომი წარმოადგენს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის ქცევის მოტივაციის გაანალიზების მცდელობას, _ როგორ დაიწყო მათი დამოკიდებულება, როგორ მოქმედებს აზარტული თამაშები მათ ფსიქოლოგიაზე, ბიუჯეტზე და აიძულებს მათ, რომ იმოქმედონ არარაციონალურად თავიანთი შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში.

მნიშნველოვანია პრობლემის გაანალიზება როგორც ეკონომიკურ და ფინანსურ ჭრილში, ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტში. შესაბამისად ნაშრომში გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები აზარტული თამაშების როლზე ეკონომიკისთვის მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითზე და ფსიქოლოგიური ფაქტორები ემპირიული კვლევის ბაზაზე.

საკვანძო სიტყვები: აზარტული თამაშები, ქცევის მოტივაცია, ბიუჯეტი, ფსიქოლოგია, ეკონომიკა.

შესავალი

აზარტულ თამაშებს უდიდესი ისტორია აქვს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რეგულარულად არიან დაკავებული აზარტული თამაშებით. ეს შეგვიძლია განვიხილოთ მორალურ ჭრილში, რამდენად გამართლებულია აზარტული  თამაში, მისი რეკლამა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები და ა.შ., მაგრამ უდავოა, რომ ეს სფერო უდიდეს ინდუსტრიას წარმოადგენს და მისი წილი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისა და საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. სათამაშო ბიზნესი საქართველოში განვითარების პიკზეა და დღითიდღე ვითარდება. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი და მომგებიანი სფერო   ავითარებს ტურიზმს  და ქვეყნის დამატებით ფუნქციებს.

აზარტული თამაშების ასეთი გავრცელებისა და გავლენის გამო აუცილებელია რეალობის სიღრმისეულად გაანალიზება, ეკონომიკაზე და ადამიანის ფსიქოლოგიაზე ამ თამაშების გავლენის შესწავლა.

კვლევის მიზანია იმ ფაქტორების დადგენა და შესწავლა, რომლებიც ადამიანებს უბიძგებს არარაციონალური გადაწყვეტილების მიღებისკენ და მოგების დაბალი ალბათობის პირობებში აზარტულ თამაშებში ჩართვას.

თემაზე მუშაობის დროს გამოყენებულია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული კვლევები, გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აზარტულ თამაშებში ჩართულ მომხმარებელთა რაოდენობისა  და  სტრუქტურის მიხედვით. პრობლემის უკეთ გაგებისათვის ჩატარდა აზარტული თამაშებით დაკავებულ ადამიანთა გამოკითხვა და გამოიკვეთა მიღებული შედეგების ანალიზი. 

1. აზარტული თამაშების განვითარების ისტორია მსოფლიოში და საქართველოში

თანამედროვე ეპოქა წარმოუდგენელია აზარტული თამაშებისა და ზოგადად აზარტის გარეშე. ერთი შეხედვით ეს უწყინარი სიტყვა ხშირად ძალიან ფართო შინაარსის მატარებელია და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოების ნებისმიერ წრეში თავისი გავლენით საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი _ ახალ­გაზრდებზე. აზარტი შეგვიძლია დავინახოთ ისეთ მარტივ პროცესებში, როგო­რებიცაა: საჭმლის მომზადება, მანქანის მართვა და ა.შ.

აზარტი, ადრენალინი და მსგავსი გრძნობები ადამიანისთვის უცხო არ არის, რაზეც მეტყველებს ფაქტი, რომ აზარტულ თამაშებს, რომლებიც ჩვენ თავად შევქმენით იმისათვის რომ სიამოვნება მიგვეღო ამ პროცესისაგან, ათასწლოვანი ისტორია აქვს. ცხადია, რომ ნებისმიერი შეჯიბრი ან კონკურენცია არ შეიძლება ჩაითვალოს აზარტის ობიექტად, რაც  ართულებს აზარტული თამაშების ცნების ზუსტი დეფინიციის მოძებნას.

აზარტული თამაშის პროცესი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ როგორც რაიმე ღირებული ფსონის დადება გაურკვეველი შედეგის მქონე მოვლენაზე სხვა ღირებულების (ძირითადად ფულის) მოგების განზრახვით. შესაბამისად აუცილებელია რომ არსებობდეს ღირებულება, რისკი და პრიზი. ფსონის შედეგი შესაძლოა მყისიერი იყოს, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირია გრძელვადიანი ფსონები. ვარაუდობენ, რომ აზარტული თამაშები და ფსონის ჩამოსვლის ფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2300 წლით თარიღდება. ასევე აღმოჩენილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნით დათარიღებული ე.წ კამათელი, რომელიც არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს.

წყაროებზე დაყრდნობით პირველი კაზინო იტალიაში გაიხსნა მე-17 საუკუნის დასაწყისში, ხოლო დანარჩენ ევროპაში მასიურად გავრცელდა მე-19 საუკუნეში. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ონლაინ აზარტული თამაშების განვითარება, რაც მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო.

აზარტულ თამაშებს საქართველოშიც დიდი ხნის ისტორია აქვს. მე-19 საუკუნის  არსებობდა აზარტული დაწესებულება, რომლის ხშირი სტუმრებიც იმდროინდელი ელიტა (ცნობილია აკაკი წერეთელის სიყვარული აზარტული თამაშების მიმართ) გახლდათ. 1920 წელს თბილისში  გაიხსნა პირველი კაზინო. საბჭოთა კავშირის პერიოდში აზარტული თამაშები აიკრძალა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზარტულმა თამაშებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვეყანაში, რასაც 1997 წელს მოჰყვა შესაბამისი გადასახადისა და დაბეგვრის მეთოდის შემოღება. ნებისმიერ აზარტულ თამაშს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, სჭირდება ლიცენზია და შესაბამისი კანონის დაცვა.

საქართველოში ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშების ფორმებია: ტოტალიზატორი, სათამაშო აპარატები, სამაგიდო თამაშები და ა.შ. 

2. აზარტული თამაშების ბაზრის თანამედროვე ტენდენციები

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე აზარტული თამაშების ბაზარი მნიშნველოვნად შეიზღუდა. აკრძალვების, პანდემიებისა და იზოლაციის პირობებში სამორინეებს მოუწიათ თავიანთი საქმიანობის შეჩერება და დახურვა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა მათ, თუმცა საწინააღმდეგო უნდა ითქვას ონლაინ გემბლინგზე, რომლის პროცენტული წილი გაიზარდა, ვინაიდან ის აზარტული ფსონების გაკეთების საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად.

აზარტული თამაშების გლობალური ბაზარი 2021 წელს გაიზარდა 287.43 მილიარდი დოლარიდან 456,61  მილიარდ დოლარამდე, 2022 წელს გამოიკვეთა 58.9 %-იანი ზრდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ კოვიდ პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, მოიხსნა შეზღუდვები, ისევ სრული ძალებით ამუშავდა სამორინეები და ა.შ. მოსალოდნელია, რომ 2026 წელს აზარტული თამაშების ბაზარი გაიზარდოს 876 მილიარდ დოლარამდე.

სიდიდის მიხედვით პირველ ადგილზე არის ევროპა,  სადაც აზარტული თამაშების ბაზრის მთლიანი შემოსავალი არის 81.1 მილიარდი ევრო, ხოლო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე არის დიდი ბრიტანეთი, რომელზეც მოდის 52.99 მილიარდი (ყველაზე პოპულარული აზარტული თამაში არის ლატარია). მოთამაშეების  ძირითადი ასაკი არის 18-24 წლამდე, ხოლო აზარტულ თამაშებში  ერთ ადამიანზე დახარჯული  საშუალო წლიური თანხა _  308 ევრო.

აზარტული თამაშების მიხედვით განსხვავებული ვითარებაა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. დიაგრამაზე ვხედავთ 10 ქვეყანას 1 სულზე ყველაზე დიდი რაოდენობით წაგებული ფულის მიხედვით. 

დიაგარმა N1. აზარტულ თამაშებში წაგებული ფულის რაოდენობა 1 ზრდასრულზე.

წყარო: შედგენილია[9] საფუძველზე. 

ონლაინ აზარტული თამაშების ბაზარი მოიცავს აზარტული თამაშების გაყიდვებს ინტერნეტში იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც მართავენ ონლაინ სათამაშო ობიექტებს (ონლაინ კაზინო, ონლაინ ლატარია, ონლაინ პოკერი, სპორტული ფსონები და ა.შ). ეს სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად დადოს ფსონები  მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.  მოგების კოეფიციენტი საშუალოდ 2-10%-ში მერყეობს (მოგებული თანხა _  დადებული  თანხა).

ონლაინ თამაშების ბაზარმა 2020 წელს კოვიდ პანდემიის დროს თითქმის 59.79 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც იყო 57.7%-იანი ზრდა (2015 წლიდან).  მოსალოდნელია, რომ 2026 წელს ონლაინ ბაზარი 192 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

 

დიაგრამა N 2.  ონლაინ თამაშების ბაზარი.

წყარო: შედგენილია [10] საფუძველზე.

 

3. აზარტულითამაშებისგავლენაეკონომიკაზე

აზარტული თამაშები აღარ არის აქტივობა, რომელსაც რეგულარულად გმობენ მთავრობის წარმომადგენლები გაურკვეველი ეთიკური სტანდარტებითა და მოტივებით. მრავალმა ქვეყანამ სწორად გათვალა ის შესაძლებლობები, რომელიც ამ ინდუსტრიას  მოაქვს ქვეყნისთვის. ლატარიებს, იპოდრომებს, კაზინოებს შეუძლიათ შეავსონ სამთავრობო ხაზინა, შეუძლიათ, რომ უზრუნველყონ სამუშაო ადგილები ადამიანებისთვის, მაგრამ იმისათვის რომ ეს ყოველივე განხორ­ციელდეს, მნიშვნელოვანია ამ საკითხის ღრმა შესწავლა და გაანალიზება როგორც ქვეყნის მმართველი ძალის, ასევე რიგითი ადამიანების მხრიდან, რათა მოხდეს მისი გარდაქმნა სოციალური პრობლემიდან გართობის ეთიკურ და ნეიტრალურ ფორმად. მართლაც, ის არის გართობისა და ადრენალინის მიღების საშუალება მათთვის, ვისაც აქვს  შესაძლებლობა, რომ მისცეს თავს მსგავსი საშუალებებით გართობის უფლება.

ცხადია, რომ აზარტული თამაშები ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მას საკმაოდ დიდი როლი აქვს ბიუჯეტის შევსებაზე, რაზეც მეტყველებს ბოლო წლების გამოცდილება საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში.

მოცემული მსჯელობის მართებულობაში დავრწმუნებდით თუ გადავხედავთ სტატისტიკას. გასულ წელს შეერთებულ შტატებში აზარტული თამაშების ინდუსტრიიდან ბიუჯეტში 53 მილიარდი დოლარი შევიდა (რაც მნიშვნელოვნად მეტია 2020 წელთან შედარებით, სადაც იყო კლება კოვიდ პანდემური ვითარების გამო).

განვიხილოთ საქართველოს მაგალითიც. გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

 

ცხრილი N1

   სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა (2021 წ.)

 

წყარო:  [7]

როგორც ვხედავთ 2021 წელს ბიუჯეტში 193 მილიონ ლარზე მეტი  შევიდა სათამაშო ბიზნესიდან, რაც მთლიანი ბიუჯეტის შემოსულობების (12.5 მილიარდი) 1.5 % შეად­გენს. 

4. აზარტული თამაშების გავლენა ადამიანთა ფსიქოლოგიაზე და მათ რაციონალიზმზე

ადამიანი ემოციური არსებაა, რომლისთვისაც განსაკუთრებული მნიშნველობა აქვს სწრაფ, ხარისხიან და ერთიან ემოციას (განსაკუთრებით ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დამსახურებით გაუფერულდა ემოციები, ცხოვრება აჩქარდა და საჭირო გახდა მოცემული ჩქარი ტემპისთვის ფეხის აწყობა). დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ აზარტული თამაშები იზიდავს განსხვავებული პროფილის, პროფესიის, ასაკის, სქესის, რელიგიის, ოჯახური მდგომარეობისა და შეხედულების ადამიანებს. ის არის გლობალური ფენომენი, რომელსაც არ გააჩნია ჩარჩოები.

მსოფლიოში აზარტული თამაშების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 26% თამაშობს აზარტულ თამაშებს მეტ-ნაკლები რეგულარობით, ხოლო 4.2 მილიარდი ადამიანი თამაშობს წელიწადში ერთხელ მაინც.  რა არის ის, რაც იზიდავს ადამიანს და აიძულებს, რომ გარისკოს მისი ქონების ნაწილი და იმოქმედოს არარაციონალურად?

ფინანსური და მატერიალური დაინტერესების გარდა (რომელსაც კიდევ მივუბრუნდებით), მთავარ როლს თამაშობს ემოცია, რომელსაც ადამიანი შედეგის  მიუხედავად იღებს თამაშის პროცესში. მათთვის აზარტი ასოცირდება საშიშთან, რისკთან, სწრაფ და ხარისხიან ემოციასთან. ყველა ადამიანი მიდრეკილია აზარტისკენ და ადრენალინისკენ, რაც ქვეცნობიერში გვაქვს ადამიანებს ჩანერგილი, აზარტული თამაშები კი ამ ქვეცნობიერს ყველაზე სწრაფად, თითის ერთი დაჭერით აღვიძებს. დროთა განმავლობაში ტვინი იმდენად დამოკიდებული ხდება ამ გრძნობაზე, აზარტზე, ადრენალინზე, დოპამინზე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება იმავე დონისა და ხარისხის განცდის მიღება სხვა საქმიანობიდან. თითქოს ყველაფერი უფერულდება და რუტინული ხდება, თამაში კი არის რეალობიდან გაქცევისა და განმარტოების საშუალება. შესაბამისად ტვინი კარგავს ვითარების რაციონალურად შეფასების უნარს, განსაკუთრებით თამაშის დროს, რასაც მოჰყვება მძიმე შედეგები როგორც ეკონომიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

თანამედროვე ადამიანი ისეთი იმპულსურია როგორც არასდროს. შრომამ სახე შეიცვალა და გაუფასურდა. თავის დამკვიდრება რთულია და დამოკიდებულია მაღალ სოციალურ სტატუსზე ან/და შემოსავალზე. აზარტული თამაშები ბევრისთვის რჩება უცაბედი სიმდიდრისა და პატივისცემის მოპოვების საშუალებად და იმედად. აზარტომანია აღიარებული ფსიქიატრიული დიაგნოზია, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 1%-ში გვხვდება და არსებობს თეორიები, რომ აზარტულ თამაშებთან  დაკავშირებული კანონმდებლობის შემსუბუქების გამო გაიზრდება მსოფლიოში ამ თამაშების სიხშირე და დაავადებულთა რიცხვი. 

5. ჩატარებული ემპირიული კვლევის ანალიზი  და შედეგები

მოცემულ მსჯელობის შესამოწმებლად,  საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად ჩატარდა კვლევა იმ ადამიანებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან აზარტულ თამაშებზე. გამოიკითხა განსხვავებული სქესის, ასაკის, პროფესიისა და განათლების მქონე  ადამიანები, მაგრამ შედეგი და დამოკიდებულება უმეტეს შემთხვევაში მსგავსი იყო.

ემპირიული კვლევის მიზანია იმ ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური ასპექტების გამოკვლევა, რომლებიც ადამიანებს უბიძგებს დაკავდნენ აზარტული თამაშებით. კვლევა ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით, რათა უფრო ღრმად და დეტალურად გამოკვეთილიყო ის  ფაქტორები, რამაც განაპირობა აზარტული თამაშების დაწყება, შემდეგ გაგრძელება და დღევანდელი მდგომარეობა.

- გამოიკითხა 18 ადამიანი, მ.შ. იყო 10 მამაკაცი და 8 ქალი. 

- მაქსიმალური ასაკი მამრობით სქესში გახლდათ 30 წელი, მინიმალური _ 22 .

- მაქსიმალური ასაკი მდედრობით სქესსში გახლდათ 38 წელი, მინიმალური _ 25.

- გამოკითხულ მამაკაცთა საშუალო ასაკი გახლდათ 29 წელი, ხოლო ქალბატონთა  _ 27 წელი.

- გამოკითხულ მამაკაცთა 70%-ს და ქალთა 50%-ს აქვს უმაღლესი განათლება.

- გამოკითხულ მამაკაცთა 60% და ქალთა  75% გახლავთ  დაოჯახებული.

- გამოკითხულ მამაკაცთა საშუალო ყოველთვიური შემოსავალი გახლავთ 6000 ლარი, ხოლო გამოკითხულ ქალთა საშუალო ყოველთვიური შემოსავალი _ 3500 ლარი.
-გამოკითხულ მამაკაცთა საშუალო ყოველთვიური სათამაშო ბიუჯეტი გახლავთ  2500 ლარი, ხოლო გამოკითხულ ქალთა საშუალო ბიუჯეტი _ 1200 ლარი.

- მაქსიმალური მოგება 1 ჯერზე მამაკაცებს შორის გახლავთ 170 000 ლარი, ქალებს შორის კი _ 115 000 ლარი;

- მაქსიმალური წაგება 1 ჯერზე მამაკაცებს შორის გახლავთ 50 000 ლარი, ქალებს შორის კი _  60 000 ლარი;

- საშუალო მაქსიმალური მოგება გამოკითხულ კაცთა შორის გახლავთ 43 750 ლარი, ხოლო ქალებს შორის _ 29 000 ლარი; 

 - საშუალო მაქსიმალური წაგება გამოკითხულ კაცთა შორის გახლავთ 20 000 ლარი, ხოლო ქალებს შორის  _  12 500 ლარი.

კვლევა ჩატარდა 1 თვის განმავლობაში 2022 წლის 20 ნოემბრიდან  20 დეკემბრამდე.

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ პირველად აზარტული თამაშებით დაკავდნენ ინტერესის გამო, რაც განაპირობა იმ საზოგადოებამ, სადაც ხსენებული ადამიანები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ. აზარტული თამაშები საკმაოდ ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ თავადაც გამოცადოს ის გრძნობა, რაც მილიონობოთ ადამიანს იზიდავს. ეს შეიძლება იყოს ნათესავის, მეგობრის, მეზობლის, მშობლის რჩევა ან გამოცდილება და ა.შ

 აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი გამოცდილების დროს სათამაშო ბიუჯეტი თითოეულ გამოკითხულთა შორის ძალიან მცირე იყო და მერყეობდა 10-30 ლარის ფარგლებში, მაგრამ დღეს ეს სიტუაცია შეცვლილია. მათთვის ეს ციფრი ათასობით ლარს აღწევს, რაც მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. საინტერესო ფაქტია, რომ გამოკითხულთა 83% აღიარებს პირველი თამაშის დროს საკუთარი ფულის  წაგებას, რაც მეტ-ნაკლებად აჩენს მეორეჯერ ამ პროცესის გამეორების სურვილს  დანაკარგის ასანაზღაურებლად.

გამოკითხული დაოჯახებული რესპონდენტებიდან უმეტესობას უფრო ხშირი პრობლემები აქვს ოჯახთან, განსაკუთრებით მეუღლესთან, რაც 20%-ში განქორწინებითაც კი სრულდება.  განსაკუთრებით აქტუალურია ეს მოთამაშე ქალების შემთხვევაში (მათთვის დამატებითი მოტივაციას და როლს თამაშობს მატერიალური დაინტერესება, საკუთარი თავის უფრო უკეთ უზრუნველსაყოფად და მეტი დამოუკიდებლობისთვის).

რთულია სრულფასოვნად გაიაზრო, რომ დაავადებული და შეპყრობილი ხარ აზარტული თამაშებით. სწორედ ამის გამო გამოკითხულთა 100% გვეუბნება, რომ თამაშობს გასართობად და ის შემოსავალი, რომელსაც იღებს არის დამატებითი მოტივაცია, მაგრამ მთავარი მაინც ის ემოცია, აზარტი, ადრენალინი, დოპამინია, რასაც თამაშის პროცესში იღებენ. ეს არის  მოსაწყენი რეალობისგან ერთგვარი გაქცევა მათი მხრიდან.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება აზიანებს ადამიანის ფსიქიკას. გამოკითხულთა 60%-ზე მეტს ერთხელ მაინც ჰქონდა აზარტული თამაშების მეშვეობით გამოწვეული დეპრესია. რთულ პერიოდს თან ახლავს შფოთვა, ფინანსური არასტაბილურობა და ა.შ ლუდომანია ძალიან ჰგავს ნარკომანიას, რადგან როგორც ნარკოდაავადებულთათვის არის რთული მოთხოვნილებაზე უარის თქმა და შეწინააღმდეგება, ასევე რთულია გემბლერი ადამიანისთვის თამაშის წყურვილის მოკვლა და დაძლევა. თავად გამოკითხული რესპონდენტებიც აანალიზებენ, რომ აზარტულმა თამაშებმა მეტ-ნაკლებად დაამახინჯა მათი ცხოვრება, მაგრამ მათთვის ყველაზე რთული მისი რაიმე სხვა აქტივობით ჩანაცვლებაა, რადგან ძალიან რთულია მიიღო მსგავსი ემოცია, რასაც ადამიანი გემბლინგის დროს იღებს.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება აზიანებს ადამიანის ფსიქიკას. გამოკითხულთა 60%-ს მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონდა აზარტული თამაშების მეშვეობით გამოწვეული დეპრესია. რთულ პერიოდს თან ახლავს შფოთვა, ფინანსური არასტაბილურობა და ა.შ ლუდომანია ძალიან გჰავს ნარკომანიას რადგან როგორც ნარკოდაავადებულთათვის არის რთული მოთხოვნილებაზე უარის თქმა და შეწინააღმდეგება, ასევე რთულია გემბლერი ადამიანისთვის თამაშის წყურვილის მოკვლა და დაძლევა (გამოკითხულ რესპონდენტთა 50 %-ს მინიმუმ ერთხელ მაინც წაუგია მნიშვნელოვანი თანხა, რასაც შემდგომში პრობლემები შეუქმნია მათთვის). თავად გამოკითხულ რესპონდენტებსაც გააზრებული აქვთ, რომ აზარტულმა თამაშებმა მეტ-ნაკლებად დაამახინჯა მათი ცხოვრება. ყველაზე რთული კი აზარტული თამაშების რაიმე სხვა აქტივობით ჩანაცვლება და იმ ემოციების მიღებაა, რასაც ადამიანი გემბლინგის დროს იღებს. ამ ყველაფერმა გამოიწვია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ინდიფერენტულობა  ცხოვრებისეული მომენტების მიმართ. 

6. ფსიქოლოგიური ეტაპები და მოტივები აზარტულ თამაშებზე

დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში

ტვინის ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების ბოლოდროინდელი მიღწევები მეცნიერებს ეხმარებათ, უკეთ გააცნობიერონ ეს პროცესი. კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქ­ტორები აქტიურად იყენებენ ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ტვინის აქტივობის გასაზომად მანამ, სანამ მოხალისე დაკავებულია თამაშის პროცესით. ტვინი იღებს უდიდესი რაოდენობით ადრენალინს, განსაკუთრებით მოგების დროს. სწორედ ამ ემოციის უდიდესი ნაკადი თავის ტვინის ცენტრალურ უბანში გამომუშავდება, რომელიც არის გადამწყვეტი ამ პროცესში.

ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრის (Kingsway Recovery, LLC) მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, აზარტული თამაშების სურვილზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს:

- კარგი განწყობა: დადებით განწყობას შეუძლია გამოიწვიოს აზარტული თამაშების მოთხოვნილების რაოდენობის ზრდა (შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც მზიანი დღეების რაოდენობა, ასევე კონკრეტული სპორტული გუნდის წარმატება და ა.შ რადგან პოზიტიური განწყობა იწვევს უფრო მეტ რისკს).

- აზარტული მოთამაშეების ცდომილება: თუ რულეტის მოთამაშე ხედავს, რომ ზედიზედ შვიდი შავი ციფრი დაფიქსირდა, ისინი აუცილებლად წითელზე დადებენ ფულს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ ჰქონოდათ განსაზღვული ეს ფსონი. ეს ძალიან ცნობილი ფსიქოლოგიური პროცესია, რომელსაც „აზარტული მოთამაშის ცდომილება“ ჰქვია. ეს არის მცდარი რწმენა, რომ თუ მოვლენა განმეორებით ხდება შემდეგ აუცილებლად სხვა მოვლენა მოხდება. რეალობა ის არის, რომ რაიმე კონკრეტული მოვლენის მოხდენის ალბათობა აბსოლუტურად იგივეა.

- მოლოდინის შეცვლა მოგებასთან დაკავშირებით: იპოდრომზე ფსონების მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ მათი სასურველი ცხენის მოგების შანსები როგორც ფსონის დადებამდე, ასევე ფსონის დადების შემდეგ. ფსონის დადების შემდეგ მოთამაშეები უფრო მეტად აფასებდნენ მოგების შანსს, ვიდრე დადებამდე. გაზრდილმა ვალდებულებამ და რისკმა გამოიწვია ის, რომ ისინი უფრო ოპტიმისტურად ყოფილიყვნენ განწყობილნი.

- ბანდვაგონის ეფექტი: როდესაც ლატარიის ჯეკპოტები რეკორდულ დონეს აღწევს და მედიის დიდ ყურადღებას იბყრობს, ბილეთების ყიდვა პიკს აღწევს. ხალხს არ სურს, რომ პროცესის მიღმა დარჩეს. ამიტომ ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ, ლატარეის ბილეთებს ყიდულობენ.

- სათამაშო სისტემები და ცრურწმენები: აზარტული თამაშები შემთხვევითი მოვლენების ერთობილობაა, მაგრამ მოთამაშეთა უმრავლესობას სჯერა, რომ მათ შეუძლიათ მიაგნონ აზარტული თამაშების მოგების სისტემას და „ხვრელებს“.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევების შედეგად გამოავლინეს აზარტული თამაშების დამოკიდებულების 4 ეტაპი:

1) მოგების ფაზა: ხშირად იწყება დიდი მოგებით, რაც იწვევს აღელვებას და პოზიტიურ შეხედულებას აზარტულ თამაშებზე. ადამიანები თვლიან, რომ მათ აზარტული თამაშის განსაკუთრებული უნარი აქვთ და მოგება გაგრძელდება, რის შედეგადაც იწყებენ მეტი დროისა და ფულის ხარჯვას.

2) წაგების ფაზა: პრობლემური მოთამაშეები სულ უფრო მეტად ხდებიან შებყრობილი აზარტული თამაშებით, ხარჯავენ ხელფასს, ფულს სესხულობენ, ატყუებენ ოჯახს და ა.შ.

3) სასოწარკვეთის ფაზა: ადამიანები იწყებენ კონტროლის დაკრგვას. შეიძლება იგრძნონ სირცხვილი, დანაშაული, მაგრამ უბრალოდ ვეღარ ჩერდებიან. მათ შეიძლება მოიპარონ და თავიანთ პრინციპებს გადააბიჯონ თავიანთი ჩვევის დასაფინანსებლად.

4) უიმედოობის ფაზა: ადამიანებს აღარ სჯერათ, რომ დახმარება შესაძლებელია ან ვინმე დაინტერესებულია მათი პიროვნებით. მათ აღარ აინტერესებთ ურთიერთობები, იცოცხლებენ თუ მოკვდებიან და შეიძლება ნარკოტიკის და ალჰოკოლის მომხმარებლებიც კი გახდნენ ტკივილის შესამსუბუქებლად. სამწუხაროდ, მოცემული ფაზა ხშირად თვითმკვლელობითაც  სრულდება. 

დასკვნა

აზარტულ თამაშებს უდიდესი ისტორია და წარსული აქვთ. აზარტულ თამაშები  საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცხოვრების თანამგზავრი იყო მეტ-ნაკლებად განსხვავებული სახით. ეს არის უდიდესი ინდუსტრია, რომელიც უზარმაზარ ლიმიტებზე ადის და უდიდეს როლს თამაშობს როგორც მსოფლიო, ასევე ცალკეული ქვეყნების ეკონომიკაში.

თანამედროვეობაში ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით აზარტული თამაშები არის ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი.  სახლდიან გაუსვლელად ადამიანებს შეუძლიათ ითამაშონ აზარტული თამაშები, რამაც გამოიწვია ის, რომ 21-ე საუკუნეში აზარტული თამაშების, კონკრეტულად ონლაინ აზარტული თამაშების ბაზარი სწრაფი ზრდით ხასიათდება.

აზარტომანია არის 21-ე საუკუნის სენი, რომელიც ძალიან ჰგავს ნარკოდა­მოკიდებულებას. ადამიანები მიღებული უდიდესი სიამოვნებისა და გართობის საფასურად ეჩვევიან აზარტულ თამაშებს, რაც შემდეგ მათ ეკონომიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. რთულია იპოვო ადამიანი რომელსაც ერთხელ მაინც არ უთამაშია ცხოვრებაში და არ გაუკეთებია რაიმე ფსონი. გართო­ბის მთავარი მოტივია     დამატებითი ფინანსური სარგებელი გამარჯვების შემთხვე­ვაში, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ცხოვრებაში ეს ყველაფერი ასეთი მარტივი და ნათელი არ არის და უმრავლეს შემთხვევაში  ტრაგიკულად მთავრდება, რადგან ადამიანები ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავს. მათ შეიძლება იცოდნენ, რომ არ იქცევიან სწორად, რომ მოგების ძალიან მცირე შანსი აქვთ, რომ მნიშვნელოვან თანხას და ცხოვრებას რისკავენ, მაგრამ თამაშს მაინც აგრძელებენ. სწორედ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში ადამიანის ფსიქოლოგიიდან მოდის და საჭიროებს ისეთ მიდგომას და კვლევას, როგორსაც სხვა სამედიცინო დაავადებები. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. წიწავა ანო,  ბეროძე ბელა,  ნიკოლაიშვილი სოფიკო, აზარტული თამაშების განვითარების ისტორია საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, https://legalclinic.iliauni.edu.ge/azartuli-thamashebi 

2. აზარტული თამაშების პრევენცია მოზარდებში, გაეროს კვლევა,  იუნისეფი.

3. პაიკიძე მარიამ, აზარტული თამაშების როლი საქართველოს ეკონომიკაში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი http://geoeconomics.ge/?p=14105%20- 

4. ნატროშვილი ლევან, აზარტული თამაშების ბაზარი საქართველოში, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო.

https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/azartuli_tamashebis_bazari_sakartveloshi.pdf 

5. აზარტული თამაშების მსოფლიო ბაზრის, the business research company სტატისტიკა https://www.thebusinessresearchcompany.com/report/gambling-global-market-report  

6. სტატისტიკა მსოფლიო გემბლინგი წამყვანი ქვეყნების მიხედვით, statista.com

https://www.statista.com/markets/409/topic/438/gambling/" l "overview"  

7. ტოტოევი თემურ, სათამაშობიზნესისროლიქვეყნისეკონომიკაში, თბილისი, სამაგისტრო ნაშრომი

https://openscience.ge/bitstream/1/1902/1/Temur%20Totoevi%20samagistro.pdf "

8. გემბლინგის სტატისტიკა ამერიკაში

https://www.statista.com/topics/1368/gambling/#topicHeader__wrapper 

9. კაზინოების ონლაინ გაერთიანება,  გლობალური გემბლინგის სტატისტიკაhttps://www.casino.org/features/gambling-statistics/

10. ონლაინ გემბლინგის ინდუსტრია,  ჟურნალი Capital Finance International, https://blog.cfi.co/technology /2020/04/online- gambling-industry-rising-as-a-consequence-of-the-covid-19-pandemic/ 

11. აზარტული თამაშების ფსიქოლოგია, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კვლევა -
https://www.cam.ac.uk/research/news/the-psychology-of-gambling   

12. აზარტული თამაშების ფსიქოლოგია, Kingsway: ალკოჰოლისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ცენტრი. https://kingswayrecovery.com/the-psychology-of-gambling/ -